საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა
საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები, მათ შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განმტკიცებისა და განვითარების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის კულტურის, სოციალურ-ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურიზმის, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობას.

შეხვედრაზე დადებითად შეაფასეს სომხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება, რომ სომხურ სკოლებში ქართული ენა არჩევით საგნად დაემატა.

მხარეები ასევე მიესალმნენ საქართველოსა და სომხეთს შორის პირადობის მოწმობებით საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას.

მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი და მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები. ხაზი გაუსვეს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლს; ასევე ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე ომსა და უსაფრთხოების კუთხით მის გავლენაზე ჩვენს რეგიონში.

„აღნიშნული ერთობლივი სხდომა წარმოადგენს უწყვეტი საპარლამენტო თანამშრომლობის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი კავშირების გაღრმავებას როგორც ჩვენი ქვეყნების, ასევე მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ სომეხ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია ევროინტეგრაციის გზაზე ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება დადებით გავლენას იქონიებს სომხეთის ევროკავშირთან დაახლოებაზე. მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ვითარებასა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და კომიტეტის წევრები: გრიგოლ ვაშაძე და დავით მათიკაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.