საქართველოს პარლამენტის წევრები სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ
საქართველოს პარლამენტის წევრები სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს. სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის წევრები იმყოფებიან.

მმართველი პარტიის ლიდერები ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ ევროპარლამენტარებთან და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, ვიზიტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება. ხელაშვილის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხება როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას. უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსეულის ყველაზე წარმატებული წევრი ​​და იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს მიღებული კომუნიკე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას კიდევ უფრო წინ წაწევს.

რაც შეეხება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ მოწოდებებს, ხელაშვილი ამ საკითხს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ ელოდება.

„ეს ვიზიტი არის დაკავშირებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებთან, რომელზეც ზოგადად ფასდება ქვეყნების პროგრესი ყველანაირი მიმართულებით, მათ შორის დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ სასაუბრო ძალიან ბევრი გვაქვს საკითხებზე. რა საკვირველია, შევეხებით შიდაპოლიტიკურ ვითარებასაც, მაგრამ რაიმე დრამატულს, განსაკუთრებულად მწვავეს ან გადაუჭრელს მე ამ შეხვედრების დროს არ ველოდები. იქნება მისაწოდებელი ინფორმაცია, რა საკვირველია, ნებისმიერი მიმართულებით, რაც ქვეყნის წინაშე დგას. ამოცანა არის რომ 15 დეკემბრის სამიტი იყოს რამდენადაც შეიძლება წარმატებული საქართველოსათვის, რადგან რეგიონული და საერთაშორისო ვითარება გართულებულია და ჩვენ ამ სამიტს განვიხილავთ, როგორც წარმატების ერთ-ერთ ნაბიჯს. რაც შეეხება სანქციების დაწესებას და მსგავს მოწოდებებს, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, მით უმეტეს, ამ საკითხების რაიმე სერიოზული განხილვა ვერ იქნება, არ იქნება. საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსეულის ​ყველაზე წარმატებული წევრი. ეს ასევე დარჩება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს კიდევ უფრო წარმატებული იყოს. ასე რომ, პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე, როგორც ყოველთვის, ზედმეტი და მცდარი იქნება. სააკაშვილის საკითხზე არანაირი განსაკუთრებული სალაპარაკო არ არის, იურიდიულად არანაირი პრობლემა არ არის მისი შემთხვევა და ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არც არავინ აყენებს. საუბარია იმაზე, როგორ ჩანს ეს საზღვარგარეთ, რაც შეიძლება, რომ დისკუსიის საგანი იყოს, თუმცა თავისთავად თვისებრივად რაიმე მწვავე შეკითხვას აქ არ ველოდებით. კარგია, რომ სააკაშვილის საკითხი გადავიდა, ასე ვთქვათ, უფრო რბილ ფორმებში. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასეც გაგრძელდება.“ – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში ასევე იმყოფება ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისი განმარტებით, ის ევროპარლამენტში იმყოფება, როგორც პარლამენტარი და ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებთან. სალომე სამადაშვილის თქმით, მას კომპლექსური საუბარი ექნება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, დღევანდელ ხელისუფლებაზე განხორციელდეს შესაბამისი ზეწოლა და ამისთვის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტები აქვს.

„ჩემი ვიზიტის თემა არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული საკითხი. ჩვენ ვართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, როდესაც ევროკავშირთან ჩვენს ურთიერთობებს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ შეუქმნა საფრთხე. საუბარი მექნება კომპლექსურად ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. თქვენ იცით, რომ მათ შორის იგეგმება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების სამიტი. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნება ევროპარლამენტის პოზიციები იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესების დაცვა მოხდეს, მათ შორის, დღევანდელ ხელისუფლებაზე შესაბამისი ზეწოლის განხორციელების გზით და ამისთვის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტი აქვს. სწორედ ამაზე მექნება საუბარი, საქართველოსა და ქართული დემოკრატიის მხარდამჭერ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დატოვე კომენტარი