საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება, მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საერთო მიზნებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, დეოკუპაციის კუთხით საერთო ძალისხმევასა და სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე, ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

„უკრაინაში სწორედ პრემიერ-მინისტრის მიწვევით ვიმყოფები. შევეხეთ ბევრ საკითხს – პირველ რიგში, ეს არის ჩვენი საერთო მიზნები, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, აღებული ევროატლანტიკური კურსი და დასახული ამბიციური გეგმები. პირველ რიგში, ეს ეხება ისეთ ამბიციურ გეგმებს, როგორიცაა ერთ მილიარდ დოლარზე ვაჭრობის ზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის. ასევე, ვისაუბრეთ ბევრ სხვა საინტერესო ფორმატზე, მათ შორის, სამი ქვეყნის გააქტიურება ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის კუთხით. ხაზი, ასევე, გაესვა ტურიზმს, რომელიც მაღალი ტემპით იზრდება „კოვიდის“ შემდეგ, თუმცა, გეგმა არის, ეს კიდევ უფრო გაიზარდოს და ამას მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხს.

„შევეხეთ საკითხს, რაც ყველას აინტერესებს. საუბარია, მიხეილ სააკაშვილის, ასე ვიტყოდი, გამოპარვაზე უკრაინიდან. ეს ის მომენტია, რომელიც ნამდვილად უხერხულობას წარმოქმნის ორ ქვეყანას შორის. მათ არ იცოდნენ მისი ამ გეგმების შესახებ – უკანონო საზღვრების კვეთა როგორც უკრაინაში, ასევე, საქართველოში და ზოგადად, შექმნილი უხერხული სიტუაცია. კიდევ ერთხელ ორივე მხრიდან ცალსახად იქნა ხაზგასმული, რომ ვერასდროს, ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის, თუნდაც, ყოფილი პრეზიდენტი, ვერ იქნება მიზეზი და საფუძველი, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ოდნავ მაინც გაუარესდეს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუჭავამ.