საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭება.
„ზუსტად 28 წლის წინ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ აქტით ახდა თავისუფლებაზე მეოცნებე ქართველების არაერთი თაობის ოცნება და საფუძველი ჩაეყარა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემა ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელი პირობაა. ჩვენი სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 9 აპრილი, ისევე, როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, რომელსაც წელს 80 წელი შეუსრულდებოდა.
9 აპრილის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი ზვიად გამსახურდიამ საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში გამოაცხადა. ამ ისტორიული მოვლენის და სახელმწიფოებრივი სიმბოლოების პატივისცემით ნიშნად, მივიღე გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მივმართო წინადადებით, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს მიენიჭოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.