საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა [ფოტო]
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა [ფოტო]

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადებიდან ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში დამოუკიდებლობის დარბაზი გაიხსნა.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

დამოუკიდებლობის დარბაზში წარმოდგენილია ქართული ლეგიონის თამარ მეფის სამახსოვრო ნიშანი და სიგელი; საქართველოს 1918-1921 წლების კონსტიტუციის (ის 1921 წლის 21 თებერვალს ბათუმში გამოიცა) გამოცემის ერთადერთი ეგზემპლარი; საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კანონები; საერთაშორისო ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტები; ქართული სიმბოლიკის (ჰიმნის ტექსტი, გერბი) ორიგინალები; დამოუკიდებლობის აქტის სამუშაო ვერსიები; 1919 წლის 12 მარტს დამფუძნებელი კრების მიერ ხელახლა დამტკიცებული დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი; 1918-1921 წლების საქართველოს მოქალაქის პასპორტი; დამფუძნებელ კრებაზე დასასწრები ბარათი; საქართველოს პარლამენტის წევრის მოწმობა; 1903, 1918, 1919, 1921 წლებში გამოცემული საქართველოს რუკები, ხელნაწერები და საარქივო მასალები.

ამასთან, წარმოდგენილია 9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტოები.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის წევრები და დედაქალაქის მერი.