საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომის მოწვევას გეგმავს
საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომის მოწვევას გეგმავს

საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომის მოწვევას გეგმავს. ამის თაობაზე განცხადება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, თუმცა მას პლენარული სხდომის მოწვევის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

მისი თქმით, ალბათ პლენარული სხდომა უახლოეს დღეებში დაიგეგმება.

„ბიუროს სხდომა დღის წესრიგზეც გვექნება. წარმოდგენილი საკითხები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებს ეხება, მაგრამ რაც მთავარია, სასესხო ხელშეკრულებებში გვექნება მთავრობის ინიციატივით განსახილველი ცვლილებები, რადგან გარე დახმარებებზეც ბევრი გვაქვს სამუშაო. მოგვიწევს ზრუნვა იმაზე, რომ საფინანსო ინსტიტუტებისგან და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დამატებითი თანხები მოვიზიდოთ ეკონომიკის აღდგენისთვის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, პარლამენტის პლენარული სხდომები 21 მარტის შემდეგ არ გამართულა.