საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ევროპულ თამაშებზე ცხრა მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ ევროპულ თამაშებზე ცხრა მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ პოლონეთში, მესამე ევროპულ თამაშებზე ასპარეზობა  ცხრა მედლით დაასრულა, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი 48 ქვეყანას შორის მე-19 ადგილი დაიკავა.

მესამე ევროპული თამაშების ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეოთხე ოქროს მედალი შეემატა. ქართველმა კიკბოქსიორმა, ლუკა შონიამ ფინალურ შეხვედრაში უკრაინელი მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა კიკბოქსიორმა ზურაბ ივანიაძემ.

2 ივლისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, ჰენრიკ რეიმანის სახელობის სტადიონზე  საზეიმოდ დაიხურა მესამე ევროპული თამაშები, სადაც საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშე იყო მესამე ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი, მოკრივე ლაშა გურული.

საქართველოს სპორტსმენებმა მესამე ევროპულ თამაშებზე  სპორტის 16 სახეობაში იასპარეზეს. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ანგარიშზეა სპორტის რვა სხვადასხვა სახეობაში ცხრა მედალი, მათ შორის ოთხი ოქროს, ორი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი.

მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონები გახდნენ: სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), ზურაბ კინწურაშვილი ( ტაეკვონდო), საქართველოს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი, ლუკა შონია (კიკბოქსინგი).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ: ზაზა ნადირაძე (კანოე სპრინტი) და ლაშა გურული (კრივი).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გოგიტა არქანიამ (კარატე), ელენე ლოლაძემ (ტაილანდური კრივი) და  ზურაბ ივანიაძემ (კიკბოქსინგი).