საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტი ეწვია

13:24, 12.10.2026

ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ვო თჰი ან სუანი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვო თჰი ან სუანის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ისტორიული მნიშვნელობისაა და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის ისტორიული იმ თვალსაზრისით, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები არასდროს განხორციელებულა და გაცვლილა. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, რათა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ვიმსჯელოთ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების გაღრმავების პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა ორივე ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობაზე, რაც, მისი თქმით, მყარ საფუძველს ქმნის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.

„ქვეყანა არის მზარდი ეკონომიკის, აზიაში ერთ-ერთი შთამბეჭდავი პროგრესით და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ამ შემთხვევაში, ორმხრივი ინტერესის და ურთიერთობების განვითარებისთვის. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, სწორედ ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს დონეზე განვიხილოთ პერსპექტივები და შესაძლებლობები, რაც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტს თან ახლავს ვიეტნამიდან ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია, რაც საქართველოსთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მიმართ ვიეტნამის ინტერესს ადასტურებს.

მსგავსი