საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრებმა შვედეთიც დაამარცხა და ევროჩემპიონატის ჯგუფს წაუგებლად ლიდერობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი – შვედეთი დაამარცხა და ჯგუფიდან გასასვლელად მოზრდილი ნაბიჯი გადადგა. სამი ტურის შემდეგ სამი მოგებით ჩვენი გუნდი C ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, რადგან ესტონეთის ნაკრებმა დღეს პირველი მარცხი ჰოლანდიასთან განიცადა. აქვე საინტერესო პარალელს გავავლებთ: საქართველომ პირველ ტურში ჰოლანდია იოლად დაამარცხა, ხოლო ესტონეთმა წინა ტურში შვედეთს მოუგო. შესაბამისად, ჯგუფში დაუმარცხებელი მხოლოდ საქართველოა, რომელსაც 16 ივლისს ერთ-ერთ აუტსაიდერ კოსოვოსთან, ხოლო 17-ში ესტონეთთან დარჩა სათამაშო.
მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა დამაჯერებლად, გააზრებული და გეგმაზომიერი თამაშის წყალობით იმარჯვა. მართალია, ბოლო 2 წუთში შვედებმა ჩამორჩენა გვარიანად შეამცირეს და წარმატების მცირე შანსიც გაუჩნდათ, თუმცა მთლიანობაში თამაში ქართველებს ეჭირათ და მცირე გამონაკლისის გარდა, მთელი თამაშის განმავლობაში ხელჩასაჭიდ უპირატესობას ფლობდნენ.
პირველი პერიოდი ქართველებმა ანგარიშით 23:16 მოიგეს, რის შემდეგაც შვედებმა თამაში გამოასწორეს და რამდენიმე ზუსტი კონტრშეტევისა და შორი სროლის შემდეგ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს – 21:23. წუთშესვენებამ ქართველთა წისქვილზე დაასხა წყალი: გააზრებული თამაში დაცვაში და მეტოქის ფარქვეშ ტანმაღალი კალათბურთელების აქტიურობა – ამან ის შედეგი მოიტანა, რომ საქართველოს ლიდერობა 10 ქულას ასცდა და დაახლოებით ამ რაოდენობის ფარგლებში ქართველებმა ლიდერობა კარგა ხანს შეინარჩუნეს.
მესამე პერიოდიდან სამიზნე გაისწორა რატი ანდრონიკაშვილმა, რომელმაც ბევრად დახვეწა ბურთის კონტროლი და ეს მის შედეგიანობაზეც აისახა. რატის 3 გადაცემა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მის ანგარიშზე 34 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 7 გადაცემა და 3 ჩაჭრა დაგროვდა. პასივში ანდრონიკაშვილს 4 დაკარგვა და 3 ჯარიმა ჰქონდა. რატის სამქულიანები და ზოგადად, შედეგიანობა მესამე პერიოდში საქართველოს ხელჩასაჭიდი ლიდერობის მოპოვებაში დაეხმარა. ჩვენი ნაკრები ბოლო პერიოდის წინ 13 ქულით იგებდა და წარმატებით განვლო მომდევნო 5 წუთიც. აკაკი ფიფიას ზუსტი საჯარიმოების შემდეგ, მატჩის დასრულებამდე ხუთიოდ წუთით ადრე, ჩვენი გუნდის 14-ქულიანი ლიდერობა დაფიქსირდა, რაც ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა.
დარჩენილ დროში შვედებმა მაქსიმუმი გაიღეს და ვითარება ოდნავ დაძაბეს, როცა ბოლო წუთზე ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. ეს იყო მათი მაქსიმუმი, რადგან მილოშ გლიგორიევიჩმა წუთშესვენებით თამაში დაალაგა და საბოლოოდ საქართველო დამსახურებულ გამარჯვებამდე მივიდა – 73:64.
ხვალ, 15 ივლისს დასვენებაა. საქართველო 16 ივლისს კოსოვოს შეხვდება, რომელმაც დღეს სომხეთი გაანადგურა და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს. ბოლო ტურში, 17 ივლისს, გლიგორიევიჩის გუნდი ესტონეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან ორი საუკეთესო მეოთხედფინალში გადის. ჩვენი ჯგუფიდან გასულები მეოთხედფინალში იმ გუნდებს შეუწყვილდებიან, სადაც სადღეისოდ ლიდერები – ბელგია, სლოვაკეთი და პორტუგალია არიან.
წყარო – საქართველოს კალათბურთის ფედერაცია