ოცწლამდე ასაკის „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან ანგარიშით 48:20 დამარცხდნენ | ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი
ოცწლამდე ასაკის „ბორჯღალოსნები“ სამხრეთ აფრიკასთან ანგარიშით 48:20 დამარცხდნენ | ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი

არგენტინაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები “ სამხრეთაფრიკელებს ხვდებიან და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 5:21 მარცხდებიან.

„ქურციკებმა“ ანგარიში მეცხრე წუთზე, რიჩარდსონის ლელოთი გახსნეს. მომდევნო წუთებში უკვე „ბორჯღალოსნები“ დომინირებდნენ, რომლებმაც მეტოქის 22-მეტრიან ზონაში დაახლოებით 10 წუთი გაატარეს, რაც ლაშხის ლელოთი დასრულდა.

ბოლო წუთებზე საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები თითქოს მოდუნდა, ხოლო სამხრეთ აფრიკელებმა კი პირიქით, მოუმატეს და მბათას და ნტლაბაკანიეს ლელოებით პირველი ნახევარი კომფორტული სხვაობით მოიგეს.

მეორე ტაიმის ანგარიში აბჯანდაძემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. 48-ე წუთზე სამხრეთაფრიკელებმა კარგი იერიში განავითარეს და „ქურციკების“ მეოთხე ლელო პრეტორიუსმა გაიტანა.

53-ე წუთზე სამხრეთაფრიკელთა მხტომელმა ვან ჰირდენმა უხეშად ითამაშა და ყვითელი ბარათით დაისაჯა. ოცწლამდე ასაკის „ბორჯღალოსნებმა“ რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და კარგი იერიშის შემდეგ ლაშხმა დუბლი გაიფორმა. მიუხედავად კაცნაკლულობისა, სამხრეთაფრიკელებმა „ბორჯღალოსნებს“ სწრაფი შეტევით უპასუხეს და აბრაჰამსის ლელოთი კიდევ უფრო დაწინაურდნენ – 31:13. რამდენიმე წუთში „ქურციკების“ მორიგი ლელო რიჩარდსონმა მიითვალა. დაპირისპირების მიწურულს „ქურციკებმა“ შესანიშნავი თამაში დავიდსის და ნოჰამბას ლელოებით დააგვირგვინეს. მეორე ტაიმის ბოლო წუთზე თევდორაშვილმა სოლო რეიდი მოაწყო. იგი ლელომდე ხუთ მეტრში შებოჭეს, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და აბჟანდაძის გადაცემის შემდეგ ჭიჭინაძის ლელოთი დასრულდა.

საბოლოოდ, სამხრეთაფრიკელებმა ანგარიშით 48:20 მოიგეს, ბონუს ქულა მოიპოვეს და ჯგუფს 10 ქულით ლიდერობენ. საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები მომდევნო მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდება.