საქართველოს ნაკრებში „ტოტენჰემის“ ყოფილი მწვრთნელი იმუშავებს - ის „ჯვაროსნებში“ ახალ მიმართულებას ჩაიბარებს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი, დევიდ უები შეუერთდა, – ინფორმაციას ეროვნული გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
სანაკრებო პერიოდში 43 წლის სპეციალისტი სრულიად ახალი მიმართულებით იმუშავებს – მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით (Performance Coach).
„ამ მიმართულების სპეციალისტის საქმიანობა თანამედროვე ფეხბურთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრი საქართველოს ნაკრებში სექტემბრის მატჩებიდან იმუშავებს. დევიდ უებს ევროპულ კლუბებში ამ და სხვა მიმართულებით მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ინგლისელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს „უიმბლდონში“, „კრისტალ პალასში“, „ტოტენჰემში“, „მილუოლში“, ლევერკუზენის „ბაიერში“, „საუთჰემპტონში“, „ბორნმუთში“, „ჰოფენჰაიმში“, „ბეტისში“, „ესტერსუნდში“, „ჰადერსფილდსა“ და „იორკ სიტიში“ სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა“, – წერია ნაკრების პრესსამსახურის ცნობაში.
„საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ინგლისელი სპეციალისტი უკვე სექტემბრის მატჩებიდან შეუერთდება. ნაკრების შტაბში ჩვენ მუდმივად განვითარებაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ, საინტერესო სიახლე იქნება, რადგან ეს მიმართულება სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოცდილია.
დევიდ უებს საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. ახალი სპეციალისტი ფეხბურთელებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო საქართველოს ნაკრებთან ერთად“, – ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს ჩვენი გუნდი თბილისში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 12 სექტემბერს ოსლოში ნორვეგიას ესტუმრება.