საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში უმაყურებლოდ მოუწევს
სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს თამაში უმაყურებლოდ მოუწევს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს.
„უეფა-მ დააწესა ლიმიტი, რომ მატჩზე შეიძლება სტადიონის ტევადობის არაუმეტეს 30-პროცენტის შევსება, მაგრამ ეს კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, ჩვენთან არსებული ვითარეობიდან გამომდინარე, ამ მატჩების გამართვა საქართველოს ნაკრებს გულშემატკივრების გარეშე მოუწევს. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, ჩვენს ნაკრებს სახლებიდან უგულშემატკივრონ. დარწმუნებული ვარ, ამით ჩვენი გუნდი უარესად არ ითამაშებს“, – ამბობს ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისტორიულ მატჩს გამართავს და მოგების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 15 ნოემბერს ჩვენი გუნდი სომხეთს უმასპინძლებს, ხოლო 18-ში ესტონეთს. სამივე მატჩი „დინამო-არენაზე“ გაიმართება.