საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი 18:16 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში სლოვაკეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა.

ჩვენს ნაკრებს (ისევე როგორც სლოვაკეთს) ბელარუსთან და პოლონეთთან მოგების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის საგზური განაღდებული ჰქონდა, თუმცა ამ შეხვედრაში გამარჯვებული ჯგუფში პირველ ადგილს მოიპოვებდა, ევროპის ჩემპიონატის წილისყრისას ზედა კალათაში მოხვდებოდა, რაც წარმატების შანსს ზრდის.

საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებების დაპირისპირება დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. ჩვენი გუნდი მცირე უპირატესობას თითქმის მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა, მაგრამ სლოვაკები კარგად თამაშობდნენ და მატჩის ბედის შემოტრიალება, ფაქტობრივად, ყოველთვის შეეძლოთ.

მეოთხე მეოთხედი ქართველებმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარეს და საბოლოოდ, მეტოქე ანგარიშით 18:16 დაამარცხეს.

ამგვარად, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც აგვისტოში ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება.


საქართველო – სლოვაკეთი 18:16


საქართველო:რაზმაძე, ვასიჩი (3 გოლი), დადვანი (2), შუშიაშვილი (3), ბითაძე (1), ჯელაკა (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი (1), მაგრაქველიძე (1), ბარალდი (2), ვაპენსკი (2), შუბლაძე.

ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა სლოვაკეთი (ისიც ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე), მესამეზე – ბელარუსი, მეოთხეზე – პოლონეთი.