საქართველოს ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდები ბონუსქულით დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩი ამსტერდამში ნიდერლანდების ნაკრებთან გამართა და მეტოქე ბონუსქულით 61:12 დაამარცხა.
ნიდერლანდები – საქართველო 12:61
ნიდერლანდები
ლელო: ვერპლანკე, სვიერი
გარდასახვა: მეიერი
საქართველო
ლელო: აფრასიძე (2), ივანიშვილი, მატკავა (2), მსტოიანი, ჭუმბაძე, მეტრეველი, შველიძე
გარდასახვა: მატკავა (8)
საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში მოახერხა ოთხი ლელოს დადება – თითოჯერ თავი აფრასიძემ და ივანიშვილმა გამოიჩინეს, მატკავამ კი დუბლი შეასრულა (მან ყველა გარდასახვა ზუსტად დაარტყა) და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა 28:5 მოიგეს.
მეორე ტაიმში ნიდერლანდებმა მეორე ლელო დადეს და სხვაობა შეამცირეს, მაგრამ რამდენიმე წუთში ჯერ აფრასიძემ მეორე ლელო მიითვალა და დუბლი შეასრულა, შემდეგ კი შეცვლაზე შესულმა მამუკა მსტოიანმა „ბორჯღალოსნებში“ პირველ მატჩში სადებიუტო ლელო დადო.
მატჩის მიწურულს ნაკრებში ლელოების ანგარიში ბაჩუკი ჭუმბაძემაც გახსნა, ოთარ მეტრეველმა კი ზედიზედ მეორე სანაკრებო მატჩში შეძლო ლელოს დადება, საბოლოო წერტილი კი გიორგი შველიძემ დასვა და საქართველოს ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი მორაგბეები ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთის ნაკრებთან გამართავენ – შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.