საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა ავსტრალიასთან მარცხით დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ბოლო თამაში ავსტრალიასთან 84:100 დათმო.

 

ავსტრალიელებმა ჯგუფში თავის უშუალო კონკურენტებთან შეხვედრები წააგეს და პლეი ოფში სლოვენია და გერმანია გავიდნენ. საქართველოსა და ავსტრალიას შორის დაპირისპირებას უნდა გამოევლინა ჯგუფში რომელი გუნდი დაიკავებდა მესამე ადგილს.

ქართველები მატჩის წინ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ტრავმის გამო ვერ ითამაშეს თორნიკე შენგელიამ, დუდა სანაძემ, მიხეილ ბერიშვილმა და გიორგი ცინცაძემ. იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც NBA-ის 9 კალათბურთელი ჰყავს, ქართველებისთვის ეს დიდი დანაკლისი იყო.

პირველ ტაიმში პატი მილსმა და მისმა თანაგუნდელებმა მართლაც გამოავლინეს მაღალი კლასი და 54:27 მოიგეს. ისინი მაღალი სიზუსტით ისროდნენ სამქულიანებს.

მესამე მეოთხედში თად მაკფადენი ბოლომდე გაიხსნა და პერიმეტრიდან ტყორცნებით თამაშის სურათი შეცვალა. ცხადია, ეს მხოლოდ მაკფადენის დამსახურება არ იყო, საქართველოს ნაკრები მაღალ ტემპში უტევდა და ყველა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა.

მიუხედავად კარგი მესამე მეოთხედისა, საქართველოს ნაკრებმა სხვაობის შემცირება ვეღარ მოახერხა. შედეგად, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე „ჯვაროსნებმა“ 2 შეხვედრა მოიგეს, ხოლო 3-ში დამარცხდნენ.