ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, საქართველოს ნაკრები პირველი ადგილიდან გავიდა პლეი ოფში, სადაც მასპინძელი ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ გადამწყვეტ მატჩში უნდა ეთამაშა.
ჯგუფურ ეტაპზე საქართველო მდევრის როლში არასოდეს ყოფილა, ფინეთთან კი პირველი მატჩი ეკატერინე გორგოძემ (მსოფლიოს 205-ე ჩოგანი) ორ სეტში წააგო ანასტასია კულიკოვასთან (526) – 2:6, 4:6. ქართველს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება, ფინელმა კი შვიდიდან ოთხი შანსი გამოიყენა.
ძალიან დაძაბული გამოვიდა მეორე მატჩი, რომელშიც გუნდების პირველი ნომრები თამაშობდნენ – მარიამ ბოლქვაძე (162) და ოონა ოპრანა (479). ბოლქვაძეს წაგების უფლება არ ჰქონდა. ის ორივე სეტში ბრეიკით აგებდა: პირველ პარტიაში ფინელი 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ მარიამმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, მეორე სეტში კი ასევე ბრეიკით 3:4 იყო ჩამორჩენილი და ისევ შეძლო ზედიზედ სამი გეიმის აღება – 7:5, 6:4 საათი და 42 წუთი ბრძოლის შემდეგ.
მატჩის ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი უნდა გადაეწყვიტა წყვილების მატჩს, რომელშიც ჩვენი მხრიდან ეკატერინე გორგოძემ და ოქსანა კალაშნიკოვამ ითამაშეს, ფინელების მხრიდან – ლაურა ჰიეტარანტამ და ანასტასია კულიკოვამ.
პირველ სეტში ფინელებმა ჩვენს ბრეიკს უკუბრეიკით უპასუხეს, მაგრამ ქართვეების დუეტმა კიდევ ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მეორე სეტში მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს და 3:1 დაწინაურდნენ, მაგრამ გორგოძემ და კალაშნიკოვამ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღეს და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულეს – 6:4, 6:3.
საქართველოს ნაკრებმა 2:1 მოიგო და ევროპა-აფრიკის ზონის პირველ ჯგუფში გადავიდა.