საქართველოს ნაკრების წევრი ანა ჩემინავა ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე წერს #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების წევრი ანა ჩემინავა ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე წერს #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრმა ანა ჩემინავამ სოცუიალურ ქსელში გავრცელებულ წერილში ქალთა ფეხბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„მინდა ვისაუბრო თემებზე, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავ და დარწმუნებული ვარ, რაზეც ჩემს გუნდელებსა და ახლო მეგობრებსაც კი გული შესტკივათ. შეგიძლიათ, მითხრათ, რამდენი წელი შეიძლება იყო დაუღალავი ოპტიმისტი და ელოდო ერთ მშვენიერ დღეს, რომ იქნებ რამე შეიცვალოს კარგისკენ ამ ნაკრებში?! შეუძლებელია იყო იმ პატარა ოჯახის წევრი, რასაც ქალთა ფეხბურთი ჰქვია და არსებულ რეალობაზე გული არ შეგსტკიოდეს. ერთ წელზე მეტი გავიდა იმ დღიდან, როცა ვილაპარაკე ელემენტარული პირობების არ არსებობაზე საქართველოს ნაკრებში – მაისურებზე, შეკრებებზე, ფინანსებზე. ბევრი მეკითხებოდა, შეიცვალა თუ არა ვითარება ნაკრებში და მინდა, ამაზე ვილაპარაკო და პასუხი გაგცეთ.

მსოფლიოს ეს საკვალიფიკაციო ეტაპი სამარცხვინოდ დავამთავრეთ, 54 გაშვებული გოლით და არცერთი გატანილით. რომც გაგვეტანა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მსგავსი შედეგი აქვთ ფარერებს, ლატვიას, მაკედონიას, სომხეთს, კვიპროსს, ანუ ისეთ ქვეყნებს, რომლების აუტსაიდერებში ნახვა არ გაგიკვირდება. ყოველწლიურად ნაკრების შედეგები უარესდება, ეს ფაქტია და უარყოფა შეუძლებელია. ჩნდება კითხვა, რატომ აქვს ნაკრებს ასეთი ცუდი შედეგი? რა არის ის, რისი შეცვლაც დადებითად აისახება ნაკრების შედეგებზე? მასობრიობას დავაბრალოთ ეს ყველაფერი და მორჩა? ანუ ჩვენ რომ ვიყოთ 5000 და არა 200-300 ფეხბურთელი, მაგარი ნაკრები გვეყოლება?

ჩემი აზრით, პრობლემა აშკარაა და ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება, პრობლემა არის ფედერაციის არასერიოზული მიდგომა ქალთა ნაკრების მიმართ. რაში აისახება ეს ეგეც განვიხილოთ. მინდა მოვიყვანო ერთი მაგალითი – წლების წინ გავიკეთე მუხლის ოპერაცია ლიეტუვაში, რეაბილიტაციამ კარგად ჩაიარა. დავუბრუნდი ფეხბურთს და სანაკრებო შეკრებაზე ვთხოვე ნაკრებს გაეკეთებინა ნემსი, რომელიც შემიმსუბუქებდა მუხლის დისკომფორტს. მაინც რომ დავაკონკრეტოთ, 400 ლარამდე მეტი არ უნდოდა. ფედერაციის მტკიცებით, ეს არ შედის მათ კომპეტენციაში და გუნდმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. აქაც დავამატოთ, რომ გუნდის გარეშე ვიყავი და ამაზე იყვნენ ინფორმირებულები.

ეს სიტუაცია შევადაროთ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის და გუნდელის სიტუაციას ანკარაში, სადაც ვთამაშობდი. ჩემი მეგობარი არის იორდანიის ქალთა ნაკრების წევრი, პრობლემა ჰქონდა წელზე და ანკარაში გუნდის დანიშნული მკურნალობის მიუხედავად, იორდანიის ნაკრებმა გამოიჩინა ინიციატივა და ამჯობინა, თავიანთი ფეხბურთელისთვის იორდანიაში ემკურნალა, თავიანთი მეთვალყურეობის ქვეშ. ფეხბურთელმა ორ კვირაზე მეტი იორდანიაში, ნაკრების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გაიარა რეაბილიტაცია და გუნდს მხოლოდ გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდა. აქ დავწერე მხოლოდ საკუთარი ისტორია, ვიცი ისტორიები ნაკრების ფეხბურთელების, რომლებმაც შესაბამისი რეაბილიტაცია ვერ გაიარეს ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ. ნუთუ ასე ძნელია ყურადღება გამოიჩინო და ხელი შეუწყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, რომელიც ნაკრების ღირსებას წლების განმავლობაში იცავს.

რადგან იორდანიას შევეხე, აქვე დავამატებ – ნაკრების ფეხბურთელები იღებენ დღიურ ანაზღაურებას ნაკრების შეკრებებზე. ფეხბურთელები, რომლებიც არიან უგუნდოდ და ვერ ახერხებენ ვარჯიშს, აქვთ ბაზა, სადაც ცხოვრება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. აქვე მინდა იმ ადამიანებს მივაწოდო ინფორმაცია, ვისაც ჰგონია და ირწმუნება, რომ ნაკრებში ანაზღაურება არ უნდა იყოს. როგორ უფასდება ნაკრების ფეხბურთელს შრომა კარიერის დასრულების შემდეგ. იორდანიაში გამოცდილ ფეხბურთელებს, რომლებიც წლობით იცავენ ნაკრების ღირსებას ერიცხებათ ერთჯერადი კომპენსაციის სახით 10,000 დოლარი. ჩვენთან არიან ფეხბურთელები, რომლებმაც სანაკრებო კარიერა ისე დაასრულეს, თითქოს არც არასდროს ყოფილან საქართველოს ნაკრების წევრები, ფეხბურთელის დაუფასებლობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია.

მოდი აზერბაიჯანსაც შევეხოთ, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. ამ შესარჩევზე მათ აქვთ 7 ქულა, რაც ჩემი აზრით, არის დადებითად შესაფასებელი – ნაკრები, რომელსაც შიდა ქალთა ჩემპიონატი საერთოდ არ აქვს. რას აკეთებს ასეთს აზერბაიჯანი? პასუხი მარტივია, წლებია აზერბაიჯანის ნაკრები დაკომპლექტებულია ნატურალიზირებული ფეხბურთელებით: გერმანელებით, ესპანელებით და ჩვენდა სამწუხაროდ, ქართველებით. ვისაუბრებ უკრაინის ნაკრებზეც, სადაც ნაკრების წევრს ყოველწლიურად უფორმდება კონტრაქტი და ერიცხება ყოველთვიური ანაზღაურება ნაკრებისგან. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები არავისზე ნაკლები პატრიოტები არ არიან თავიანთი ქვეყნის, რომ ანაზღაურებას იღებენ. იგივე ირლანდიელები, რომლებსაც ერთ თამაშზე 2,000 ევრო ერიცხებათ. თუ ბიუჯეტი არ გვაქვს, მოვიდეს ფედერაციაში მომუშავე ყველა თანამშრომელი და უფასოდ ემსახუროს თავის ქვეყანას, ამაზე უკეთესს რას იზამთ?

თუ აზერბაიჯანს შეეძლო ესპანელი და გერმანელი მწვრთნელის მოყვანა, ლიეტუვას – ბელგიელი სპეციალისტის, უკრაინას – „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელის, იორდანიას – პორტუგალიელის, ჩვენთან ამ თემაზე რატომ არავის ეფიქრება? თუ წლების განმავლობაში ნაკრებს შედეგი არ აქვს და რეგრესირებს, როგორ არ ჩნდება კითხვა ფედერაციაში, რატომ გახდა ასეთი უსუსური ნაკრები? თუ გგონიათ, რომ ზერელე დამოკიდებულებით ქალთა ფეხბურთი განვითარდება და უკეთესი შედეგი იქნება წლების შემდეგ, ძალიან ცდებით. იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ნაკრებში უნდა მოვიდნენ, შეგიძლიათ მითხრათ, ნაკრები რას სთავაზობს? შეგიძლიათ მითხრათ ნაკრებს, რომელიც არის გამოფიტული და სრულიად უამბიციო და არ გააჩნია არანაირი სამომავლო მიზნები, ამ მიდგომით როგორ შეიძლება განვითარდეს ქალთა ფეხბურთი?

აქ საუბარია ელემენტარულ პირობებზე და მხარდაჭერაზე. ქალთა ფეხბურთი საქართველოში ახალი ხილია. ეს გასაგებია, მაგრამ ფეხბურთელებს სჭირდებათ სწორი მიდგომა, მუშაობა და დაფასება და არა ზერელე დამოკიდებულება მოვალეობის მოხდის მიზნით.

თუ ვინმე ამართლებს ქალთა ნაკრებში ნორმალური პირობების არარსებობას და იტყვის, რომ კაცთა ნაკრებს არ ერიცხება და ქალებს რატომ უნდა დაერიცხოთ – მოდი შევადაროთ სხვა პირობებიც. მაგალითად, კაცთა საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები ჩვენსას, კაცთა საკლუბო ანაზღაურება ქალთა მიზერულ ანაზღაურებას. ფეხბურთელების 90% საქართველოში თამაშობს, სადაც ანაზღაურება მინიმალურია. თუ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე ფიქრისთვის ვერ იცლიან ფედერაციაში, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი დასკვნა გამომაქვს. თქვენ არ გაინტერესებთ ქალთა ფეხბურთი და თქვენი მხარდაჭერა არის მოჩვენებითი“, – წერს ანა ჩემინავა.

ანა ჩემინავა 2015–2021 წლებში „ჟალგირისის“ მოთამაშე იყო, 2021 წლიდან კი – თურქეთის ქალთა სუპერლიგის „ფომგეტში“ ჩაირიცხა. იყო გოგონების საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების წევრი. 2015 წლიდან იწვევენ საქართველოს ეროვნულ გუნდში, რომლის ფორმითაც 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.