საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა ლევან მჭედლიძე ფეხბურთიდან გააცილეს #1TVSPORT
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს და შოტლანდიის ნაკრებების მატჩის დაწყებამდე, ლევან მჭედლიძე ფეხბურთიდან გააცილეს.
საქართველოს ნაკრების ყოფილ ფორვარდს, საფეხბურთო კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით სიმბოლურად ეროვნული ნაკრების მაისური და 32-ნომრიანი (ამდენი მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში) სამახსოვრო დაფა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
ლევან მჭედლიძემ 6 ნოემბერს გამოაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. 33 წლის ფეხბურთელი ბოლოს ქუთაისის „ტორპედოში“ ერთი წელი თამაშობდა და არ დამალა, რომ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წელი დასჭირდა.
ლევან მჭედლიძემ საკლუბო კარიერის უმეტესი ნაწილი (2008–2019) გაატარა „ემპოლიში“, სადაც 156 მატჩში 20 გოლი გაიტანა. იტალიაში ასევე ითამაშა „პალერმოში“ (2008–2010).
2019 წლიდან საქართველოში დაბრუნდა და „დინამო თბილისში“, ბათუმის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოში“ ფორმის აღდგენა სცადა, მაგრამ ტრავმებმა ამის საშუალება არ მისცა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში მთავარი მწვრთნელი კლაუს ტოპმიოლერი 17 წლის ასაკში ენდო და სადებიუტო თამაში 2007 წელს ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე იტალიასთან ჩაატარა, რომელიც მაშინ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო.
მომდევნო მატჩში მჭედლიძემ გაიტანა პირველი გოლი შოტლანდიასთან 2:0 მოგებულ შეხვედრაში. 2007–2019 წლებში ნაკრების მაისურით 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა.