საქართველოს ნაკრების მეტოქე - სომხები „ვიტესის“ ყოფილ თავდამსხმელს იმატებენ
საქართველოს ნაკრების მეტოქე - სომხები „ვიტესის“ ყოფილ თავდამსხმელს იმატებენ

ერთა ლიგის ახალი გათამაშების „C2“ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქის, სომხეთის მთავარმა მწვრთნელმა ხოაკინ კაპაროსმა განაცხადა, რომ სასურველი მოთამაშე რუსეთში მოძებნა.

„ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ გაძლიერება საჭიროა. ფეხბურთელებს ვეძებთ სომხეთშიც და მის ფარგლებს გარეთაც. ისტორიული სამშობლოს გუნდის ღირსების დაცვა ბევრს უნდა. მაგალითად, მე ვესაუბრე არშაკ კორიანს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობით აღფრთოვანდა. მას ეს ადრეც სურდა, მაგრამ დაბრკოლებას ყოველთვის ლეგიონერობის პრობლემა წარმოადგენდა“ – განაცხადა ხოაკინ კაპაროსმა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

არშაკ კორიანი რუსეთში დაბადებული ფეხბურთელია, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიაში იზრდებოდა. იყო რუსეთის 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრების წევრი. 2015-2017 წლებში არნემის „ვიტესში“ გადავიდა, მაგრამ ძირითადში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და რუსეთში დაბრუნდა, 2017-2019 წლებში მოსკოვის „ლოკომოტივშიც“ იგივე ისტორია შეემთხვა – ამ სამი წლის განმავლობაში სულ სამი მატჩი ჩაატარა. ამჟამად, კორიანი რუსეთის პირველი ლიგის „ხიმკიში“ გამოდის.