საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, კამარ ბოლდუინმა ხელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, კამარ ბოლდუინმა ხელის ტრავმა მიიღო და ოპერაცია სჭირდება #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებისა და „ბასკონიის“ წევრმა, კამარ ბოლდუინმა გასულ კვირას მადრიდის „რეალთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო.

კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ბოლდუინს მარჯვენა ხელის პირველი ფალანგის დაზიანება აღენიშვნება და ოპერაცია სჭირდება.

„კამარ ბოლდუინს მარჯვენა ხელის პირველი ფალანგის დაზიანება აღენიშნება და ოპერაცია სჭირდება. ტრავმა მან მადრიდის „რეალთან“ შეხვედრის დროს მიიღო. მისი დაბრუნების თარიღი რეაბილიტაციის პროცესზეა დამოკიდებული“, – წერია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კამარ ბოლდუინის დებიუტი საქართველოს ნაკრებში გასული წლის ნოემბერში შედგა. მან ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინეთთან ორი შეხვედრა ჩაატარა. ამ მატჩების მანძილზე მან გუნდს საშუალოდ 22.5 ქულა შესძინა. თებერვლის სანაკრებო მატჩები ბოლდუინმა ტრავმის გამო გამოტოვა.

რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, „ბასკონიის“ რიგებში ესპანეთის ჩემპიონატში ბოლდუინი 10.8 ქულას, 3.5 შედეგიან გადაცემასა და 3 მოხსნას აგროვებს, ხოლო ევროლიგაზე – 7.1 ქულას, 3.7 შედეგიან გადაცემას და 1.7 მოხსნას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თებერვალში ევრობასკეტ 2025-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. კალათბურთში კონტინენტის პირველობა 27 აგვისტოს დაიწყება.