საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა - გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა 217 მატჩით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები სერბეთთან დამარცხდა - გიორგი ცინცაძემ სანაკრებო კარიერა 217 მატჩით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე მეორე მატჩი გამართა, „თბილისი არენაზე“ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, სერბეთს ეთამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 63:73 დამარცხდა.

 

10 ათასი მაყურებლით გაჭედილ დარბაზში ქომაგმა მაღალი დონის კალათბურთი იხილა. ეს იყო მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა, რომლის მოგების შემდეგ სერბეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ევრობასკეტის ფინალური ეტაპისკენ. საქართველოს ნაკრებს კი უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად მას სჭირდება ჯგუფში სერბეთის ან დანიის გადასწრება. მეოთხე გუნდი, ფინეთი, მასპინძელია და ფინალში გასვლა გარანტირებული აქვს. ევრობასკეტზე კი ოთხიდან სამი გუნდი გადის.

19 ქულით მატჩის ბომბარდირი თორნიკე შენგელია გახდა, ჯო ტომასონს 13 ქულა ჰქონდა. სერბეთის ნაკრებში კი 16 ქულით გუდურიჩი გამოირჩა. ეს იყო 217-ე მატჩი გიორგი ცინცაძისთვის, რომელმაც სანაკრებო კარიერა სწორედ სერბეთთან მატჩით დაასრულა.

ჯგუფის მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებისთვის სასურველი შედეგი დაფიქსირდა – ფინეთმა შინ დანია დაამარცხა. თუმცაღა მატჩის მსვლელობისას ფინელები 17 ქულით მარცხდებოდნენ.

ორი ტურის შემდეგ თითო მოგება აქვთ ფინეთს და დანიას, ხოლო სერბეთი ორი გამარჯვებით ჯგუფის ლიდერია.