საქართველოს ნაკრები საფრანგეთის გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს
საქართველოს ნაკრები საფრანგეთის გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დღეს სტარტს აიღებს ანრი დელანის სახელობის რიგით 47-ე გრან პრი ჭიდაობაში. პრესტიჟულ ტურნირზე სულ 23 ქვეყნის 300-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შეჯიბრზე 16 იანვარს შემდეგი შემადგენლობით ჩაერთვება: ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ბექა ლომთაძე (61 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ.), დავით ტლაშაძე (74 კგ.), ნიკა კენჭაძე (79 კგ.), დავით მარსაგიშვილი (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.), გივი მაჭარაშვილი (97 კგ.) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ.).

17 იანვარიდან კი ტატამი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს დაეთმობათ. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.), გიორგი მელია (97 კგ.) და სულხან ბუიძე (130 კგ.) გავლენ. წინასწარი შეხვედრები ორივე დღეს თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩამოთვლილ მოჭიდავეთაგან მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, ასევე მსოფლიოს ჩემპიონები ბექა ლომთაძე და ნუგზარ წურწუმია, მსოფლიოს ვიცეჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არიან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრები საფრანგეთში უძლიერესი შემადგენლობით მიდის.