საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ მატჩს 8 თებერვალს გამართავს #1TVSPORT
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალ სეზონს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2026 წლის 8 თებერვალს დაიწყებს და ტიტულის მოპოვებას მეთვრამეტედ შეეცდება.
ჩემპიონატი 2026 წელსაც შარშანდელი სისტემით გაიმართება – პირველ ეტაპზე რვა გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება, საიდანაც ორ-ორი გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავა, დანარჩენები კი V-VIII ადგილებისათვის იბრძოლებენ.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია იქნებიან. „ბორჯღალოსნები“ შვეიცარიასა და ნიდერლანდებს სტუმრად ეთამაშებიან, ესპანეთს კი თბილისში უმასპინძლებენ.
B ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია და ბელგია მოხვდნენ.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს შვეიცარიასთან 8 თებერვალს, ივერდონში ჩაატარებს, 15 თებერვალს ნიდერლანდებს ამსტერდამში ესტუმრება, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 21 თებერვალს თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ესპანეთთან მატჩით დაასრულებს.
ნახევარფინალები 7-8 მარტს გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 15 მარტს მადრიდში ჩატარდება.