საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიასთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ჩვენი მოწინააღმდეგე გერმანია იყო, რომელმაც პირველ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო და საქართველოსთანაც ფავორიტად ითვლებოდა. საბოლოოდ გამარჯვება გერმანიის ნაკრებს დარჩა – 100:73.
გერმანიამ საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებამდე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად ჩაატარა, თითოეულ კომპონენტში დალაგებული გუნდია, რომელსაც კარგად ხელმძღვანელობს გამთამაშებელი დენის შრიოდერი.
თავის მხრივ, საქართველოს ნაკრების კალათბურთელები აცხადებდნენ, რომ დასამტკიცებელი აქვთ, შემდეგ ეტაპზე შემთხვევით რომ არ მოხვედრილან. ამასთან, ჩვენს გუნდს ახასიათებს ერთგვარი აფეთქებები და სწორედ მაშინ იგებს, როდესაც მისგან ბევრი არ ელის.
საქართველო-გერმანიის მატჩის პირველ ტაიმში ვერც გერმანელები ასრულებდნენ ყველაფერს ისე, როგორც მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი სთხოვდათ და შეტევაში არც ქართველებს გამოსდიოდათ ბევრი რამ. შეცვლაზე შემოსული სანდრო მამუკელაშვილის ზუსტმა სროლებმა მეტოქეს წინ გაჭრის საშუალება არ მისცა. მამუმ პირველ ტაიმში 12 ქულა ჩააგდო.
ტაიმი 43:41 გერმანიამ მოიგო. ყველაზე ცუდი კი, რაც საწყის ოც წუთში მოხდა, თორნიკე შენგელიას ტრავმა იყო. მან წელი წინა მატჩში იტკინა და იოჰან ვოიტმანთან შეჯახების შემდეგ მოედანი ნაკრების ექიმთან ერთად დატოვა.
თუმცა მეორე ტაიმში თორნიკე კვლავ დაბრუნდა პარკეტზე. დიდი შესვენების შემდეგ თამაშის სურათი შეიცვალა. გერმანელებმა პერიმეტრიდან ტყორცნების ტაქტიკა აირჩიეს, ოთხი სამქულიანიც ჩააგდეს და 16-ქულიანი უპირატესობაც მოიპოვეს.
გერმანია წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად გამართული მექანიზმია და თითქმის წარმოუდგენელია, მათთან 16-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა.
ამ გამარჯვებით გერმანიამ პრაქტიკულად გაინაღდა 1/4-ფინალში თამაში, ხოლო საქართველო მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ვეღარ იფიქრებს. მომდევნო მატჩს ილიას ზუროსის გუნდი 3 სექტემბერს ავსტრალიასთან ჩაატარებს.