საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრალიას დაუპირისპირდება - პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები დღეს, იაპონიაში, „ოკინავა არენაზე“ თბილისის დროით 11:30 საათზე ავსტრალიას დაუპირისპირდება. ამ მატჩის შედეგი გადაწყვეტს, რომელი გუნდი დაიკავებს ჯგუფში მესამე ადგილს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავზებთ.
შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამი თამაშიდან ორი მოიგო, სლოვენიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა და ჯგუფიდან გავიდა. მეორე ეტაპზე საქართველოს ეროვნულ გუნდს ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი გერმანია და არანაკლებ ძლიერი ავსტრალია შეხვდა. ჯგუფის პირველივე ტურში გაირკვა მეოთხედინალში გამსვლელების ვინაობა: გერმანიამ საქართველო დაამარცხა, სლოვენიამ – ავსტრალია და პლეი ოფში თამაშის უფლება ნაადრევად მოიპოვეს.
ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრები ისევე დაასრულებს იაპონურ ვოიაჟს, როგორც დაიწყო – 22 აგვისტოს ავსტრალიასთან საკონტროლო მატჩი გამართა, ამჯერად კი ამავე გუნდთან ჯგუფში მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. ავსტრალიელები მუნდიალზე ოკეანეთის გუნდებს შორის საუკეთესოები არიან და ავტომატურად მოიპოვეს ოლიმპიადის საგზური. ხოლო „ჯვაროსნებმა“ ტოპ 16-ში გასვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციოში თამაში დაიბევეს.
მატჩის წინა დღეს ორივე გუნდის მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, კალათბურთელებისთვის დასვენების საშუალება მიეცათ. ავსტრალიამ ვარჯიში საერთოდ გააუქმა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა კი მხოლოდ სროლებზე მსუბუქად ივარჯიშეს.
ჩვენს გუნდში ტრავმების გამო, დიდი ალბათობით, ვერ ითამაშებენ თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე. მათ წინა მატჩი გამაყუჩებლით ითამაშეს. ასევე ტრავმირებულია მიხეილ ბერიშვილი, თუმცა, როგორც მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა გვითხრა, ყველაფერი მატჩის წინ, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდება.
„მსოფლიოს ტოპგუნდს ვეთამაშებით. ავსტრალიას NBA-ის ცხრა კალათბურთელი ჰყავს. ეს არის გუნდი, რომელიც მაღალ ტემპში ათლეტურად თამაშობს. როგორც ყოველთვის, ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მესმის, რომ წაგების შემდეგ ზოგჯერ რთულია მენტალურად გადაწყობა, მაგრამ ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, საკუთარი თამაში ვაჩვენოთ და ღირსეულად დავასრულოთ მსოფლიო ჩემპიონატი“, – გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა.