საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრისთვის ემზადება | წყალბურთი
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველი შეხვედრისთვის ემზადება | წყალბურთი

ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას საქართველოს ეროვნული გუნდი საფრანგეთის ნაკრებთან გამართავს. თამაში დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას ბუდაპეშტიდან საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ჩვენი ნაკრები ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოხვდა და საქართველოს ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგეები – იტალია, საბერძნეთი და საფრანგეთი არიან. რევაზ ჩომახიძის შეგირდებს  ყველაზე რეალური შანსი საფრანგეთთან აქვთ და გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კონტინენტის 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გარანტირებული ექნება.

საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ მიცემულ ინტერვიუში დღევანდელ უმნიშვნელოვანეს მატჩზე ისაუბრა: „გუნდი მომზადებულია. ყველა მზად ვართ, რომ წარმატებისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე, დაწყება, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან რთული.

მთელი ტურნირის განმავლობაში ჩვენ სათანადო თამაში უნდა ვაჩვენოთ. დღევანდელი შეხვედრა კი გადაწყვეტს მესამე ადგილის ბედს ქვეჯგუფში, რაც პრაქტიკულად 12 გუნდში მოხვედრას ნიშნავს და არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა რევაზ ჩომახიძემ.

ნახეთ თამარ ყულუმბეგაშვილის ფოტორეპორტაჟი სპეციალურად საქართველოს პირველი არხისთვის, ბუდაპეშტიდან – საქართველოს პირველი არხი ქართული წყალბურთის მხარდასაჭერად.