საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს შეხვდება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს შეხვდება #1TVSPORT

ერთა ლიგის C დივიზიონში ბოლო შეხვედრები მეორე ჯგუფში გაიმართა, ერთ-ერთის შედეგი საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი იყო. საბერძნეთმა ჩრდილოეთ ირლანდია (3:1) დაამარცხა და ცნობილი გახდა, რომ ჩვენი გუნდი ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ყაზახეთს დაუპირისპირდება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები C4 ჯგუფის გამარჯვებულია, B დივიზიონში დაწინაურდა და 16 ქულით ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო გუნდის სტატუსი მოიპოვა. „ჯვაროსნები“ ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს მასპინძლის რანგში ჩაატარებენ, მაგრამ ვისთან, ეს საბერძნეთი-ჩრდილოეთ ირლანდიის შედეგზე იყო დამოკიდებული.

საბერძნეთის ნაკრებმა თამაში კარგად დაიწყო და მე-14 წუთზე დიმიტრის პელკასის გოლით დაწინაურდა. ჩრდილოირლანდიელებმა 4 წუთში წონასწორობა შეინ ლეივერის გოლით აღადგინეს, მაგრამ ბერძნებმა მეორე ნახევარში უპირატესობა მოიპოვეს და მიზანს მაინც მიაღწიეს. 55-ე წუთზე გეორგიოს მასურასმა მასპინძლები მეორედ დააწინაურა, ხოლო საბოლოო ანგარიში მე-80 წუთზე პეტროს მანტალოსმა დააფიქსირა და ბერძნებმა 3:1 მოიგეს.

საბერძნეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 15 ქულით (ბურთების ბალანსი +8) დაასრულა და ამ შედეგმა ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულებში ადგილები ასე განაწილდა:

1. საქართველო 16 ქულა (ბურთების ბალანსი +13)

2. საბერძნეთი 15 ქულა (+8)

3. თურქეთი 13 ქულა (+13)

4. ყაზახეთი 13 ქულა (+2)

ნახევარფინალური წყვილები:

საქართველო – ყაზახეთი

საბერძნეთი-თურქეთი

ერთა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალური დაპირისპირებები 2024 წლის მარტში გაიმართება.