საქართველოს მუსლიმთა შეიხი ფაიგ ნაბიევი - იფთარზე ჩვენი შეკრება გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა
საქართველოს მუსლიმთა შეიხი ფაიგ ნაბიევი - იფთარზე ჩვენი შეკრება გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა

დღეს რომ ერთად ვართ შეკრებილნი სასულიერო პირები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, იმის გამოხატულებაა, რომ ქვეყანაში ტოლერანტობა, შემწყნარებლობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენი ცხოვრების წესია და ამ ყველაფრის გარანტორი სახელმწიფოა, – ამის შესახებ საქართველოს მუსლიმთა შეიხმა, ფაიგ ნაბიევმა პრემიერ-მინისტრის სახელით საქართველოს მუსლიმი თემის პატივსაცემად გამართულ იფთარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფაიგ ნაბიევმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მუსლიმთა სამმართველო მუსლიმ თემსა და სახელმწიფოს შორის მყარი ხიდის როლს ასრულებს.

„ტოლერანტულ, ძმურ და მეგობრულ გარემოში ორგანიზებულ ამ იფთრის ვახშამზე თქვენთან ერთად ყოფნის საშუალება რომ მოგვეცა, ამისათვის ღმერთს მადლობას ვუხდი. ეს ტრადიცია, წლებია, გრძელდება. ამ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის შედეგად რესტავრირდა, აშენდა არაერთი მეჩეთი და სამლოცველო. მუსლიმური თემის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიებები, კონფერენციები და შეხვედრები. წლებია, ტრადიციად ჩამოყალიბდა იფთრის ცერემონიების გამართვა. სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემისადმი გამოჩენილი ყურადღება და პატივისცემა კარგი ტრადიციაა, რასაც მუსლიმები ყველგან პატივისცემით აღვნიშნავთ“, – აღნიშნა შეიხმა.