საქართველოს მთავრობას ფრანგი კარტოგრაფის გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კავკასიის რუკა გადაეცა
საქართველოს მთავრობას ფრანგი კარტოგრაფის გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კავკასიის რუკა გადაეცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება პოლონეთში, საქართველოს საელჩოში გაიმართა.
„ღონისძიების ფარგლებში ქართულ მხარეს გადაეცა ოფიცერ გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის საკუთრებაში არსებული, ფრანგი კარტოგრაფის, გილიომ დელილის მიერ მე-18 საუკუნეში შესრულებული კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა.
აღსანიშნავია, რომ ამ რუკის ასლი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. არსებული ინფორმაციით, დოკუმენტი წარმოადგენს იმ დროისთვის კავკასიის ყველაზე სრულყოფილი რუკის ორიგინალს, რომელიც 1713-1716 წლებში, ლუდოვიკო XIV-ის კარზე სტუმრობისას, სულხან-საბა ორბელიანის მიერ მიწოდებული ინფორმაციით იქნა შედგენილი.
ღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, ლიდია შუბერტ-ვარდისიანმა, მისი მეუღლის, გიორგის სახელით, რუკა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ილია დარჩიაშვილს გადასცა, ესწრებოდნენ გიორგი ცერცვაძე-ვარდისიანის ოჯახის წევრები, პოლონეთში ქართული დიასპორის და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.