საქართველოს მთავრობას 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირება მოუწევს
საქართველოს მთავრობას, სტრუქტურული რეორგანიზაციის ფონზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებაც მოუწევს, რომელიც გადასამუშავებლად აღმასრულებელ ხელისუფლებაშია გადაგზავნილი.
მოქმედმა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს 3 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე წარუდგინა, სადაც აღინიშნა, რომ რამდენიმე უწყებას დაფინანსება გაეზრდებოდა.
იქედან გამომდინარე, რომ მთავრობაში ცვლილებების მიხედვით, რამდენიმე სამინისტროს გაუქმებაა მოსალოდნელი, მთავრობას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელებაც მოუწევს.
ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუკი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებს, საკანონმდებლო ორგანოსთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა ახალ ფინანსთა მინისტრს მოუწევს.
რაც შეეხება რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურას, პარლამენტს მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია უნდა წარუდგინოს, საკანონმდებლო ორგანო კი, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე – საშემოდგომო სესიის დასრულებამდე დაამტკიცებს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ამ დროისთვის განხილულია, როგორც საპარლამენტო კომიტეტების დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე.