საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონთან ტესტმატჩი ჩაატაროს #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონთან ტესტმატჩი ჩაატაროს #1TVSPORT

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტებზე არ ითამაშებს და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონის რანგში პირველ შეხვედრას 2024 წლის ივლისში ჩაატარებს – ამის შესახებ ინფორმაციას ვებგვერდი TheSouthAfrican.com-ი ავრცელებს.

პირველი მეტოქე კი ირლანდიის ნაკრები იქნება – ერთადერთი გუნდი, რომელმაც „ბოკე“ საფრანგეთში დასრულებულ მსოფლიო თასზე დაამარცხა. სამხრეთაფრიკელები ირლანდიელებთან ორი მატჩის ჩატარებას გეგმავენ.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი, ირლანდიელებთან მატჩის გარდა, 2024 წლის ივლისში ასევე ტიერ 2-ის დონის ნაკრებთან შეხვედრის შესაძლებლობასაც განიხილავს:

„სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა, შესაძლოა, ივლისის ტესტებზე ტიერ 2 დონის ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშოს, მაგალითად, საქართველოსთან“, – წერს ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრებმა 28 ოქტომბერს მსოფლიო თასის ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა (12:11) და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივე შემთხვევაში დამარცხდა: 2003 წლის მსოფლიო თასზე – 19:46, 2021 წელს ტესტმატჩში – 9:40.