საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერია ტონგასთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა შემოდგომის ტესტმატჩების სერია ტონგასთან მოგებით დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტმაჩების სერიის მესამე მატჩში თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ტონგის ნაკრებს უმასპინძლა და შემოდგომის ტესტები მოგებით დაასრულა.


საქართველო – ტონგა 22:7


საქართველო

ლელო: თოდუა, ტექნიკური ლელო, ტაბუცაძე

გარდასახვა: მატკავა

ჯარიმა: მატკავა

შეხვედრა გუნდებმა აქტიურად დაიწყეს და უპირატესობის მოპოვებას ცდილობდნენ, მაგრამ შეტევაში ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და პირველი ტაიმი რაგბისთვის საკმაოდ უჩვეულო და იშვიათი ანგარიშით – 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი კი „ბორჯღალოსნებით“ ლელოთი დაიწყო – ქართველი მორაგბეების პირველივე შეტევა სანდრო თოდუამ დააგვირგვინა, ლუკა მატკავამ გარდასახვაც ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები 7:0 დაწინაურდა.

57-ე წუთზე ქართველმა მორაგბეებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს, რომელიც დავით ნინიაშვილმა შესანიშნავი ლელოთი დაასრულა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერი ჩაერთო, ლელო არ ჩაითვალა, წესების დარღვევისთვის კი გიორგი მამაიაშვილი არბიტრმა მოედნიდან გააძევა და „ბორჯღალოსნები“ 10 წუთით კაცნაკლულნი დარჩნენ.

14 მოთამაშით დარჩენის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა მე-60 წუთზე სწრაფი შეტევის განხორცილება მოახერხეს, ტონგელებმა თამაშის წესი დაარღვიეს, რის გამოც საჯარიმო ლელოთი და ტონგელი მოთამაშის 10-წუთიანი გაძევებით დაისაჯნენ – 14:0.

დარჩენილ დროში ლუკა მატკავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა, 72-ე წუთზე კი  აკაკი ტაბუცაძემ შესანიშნავი ლელო დადო და „ბორჯღალოსნები“ კიდევ უფრო დააწინაურა – 22:0.

მატჩის დასკვნითი ხუთი წუთი საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული – არბიტრმა მოედნიდან ლუკა ნიორაძე გააძევა. ტონგელებმა დარჩენილ დროში დიდი ძალებით შეუტიეს და პრესტიჟის ლელოს დადება მოახერხეს.

საბოლოოდ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა და „ბორჯღალოსნებმა“, „ოლ ბლექს XV“-სა და იტალიასთან წაგებების შემდეგ, შემოდგომის ტესტმატჩების სერია თბილისში გამარჯვებით დაასრულეს.