საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა [ვიდეო]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთი ანგარიშით 18:9 დაამარცხა [ვიდეო]

2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ კლუჟის სტადიონზე ბორჯღალოსნებმა რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 18:9 დაამარცხეს.
თამაშში დაძაბულობა პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა. დასაწყისშივე მეტოქეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. რუმინელები მატჩის მერვე წუთზე ფლორინ ვლაიკუს მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმოთი დაწინაურდნენ, რის შემდეგაც თამაშის ტემპმა იმატა. პირველ ნახევარში ორივე გუნდს საკმაოდ ბევრი შეცდომა ჰქონდა, შედეგად, ტაიმი არც თუ ისე სანახაობრივი გამოდგა. მე–17 წუთზე ჯარიმა თედო აბჟანდაძემ დაარტყა, თუმცა გათანაბრება ვერ მოახერხა. 27–ე წუთზე ვლაიკუმ სხვაობა ექვსამდე გაზარდა. მორიგი საჯარიმო დარტყმა აბჟანდაძემ 40–ე წუთზე შეასრულა. ამჯერად ზუსტად – 6:3. ტაიმის მიწურულს ბორჯღალოსნები გააქტიურდნენ და აშკარად დომინირებდნენ, თუმცა შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ნახევარმა გაცილებით საინტერესოდ ჩაიარა. 45–ე წუთზე მატჩის პირველი ლელო ვიხილეთ. ეპიზოდი აფციაურის ეფექტურ თამაშს მოჰყვა. მან ხაზი გაჭრა და გადაცემა ვასილ ლობჟანიძის მიმართულებით გააკეთა. ამის შემდეგ მსაჯმა რუმინელთა მხრიდან თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა, რაც შეტევის განზრახ ჩაშლას გულისხმობს. ამის მიუხედავად, გურამ გოგიჩაშვილმა ბურთის დამიწება მაინც მოახერხა. არბიტრმა საჯარიმო ლელო ჩათვალა და შესაბამისად, გარდასახვის დარტყმის გარეშე „ბორჯღალოსნებმა“ შვიდი ქულა მიითვალეს. ლელო, რომელიც გოგიჩაშვილისთვის სადებიუტო იყო, ტექნიკური სტატუსის გამო მის ანგარიშზე არ ჩაითვალა.

#რაგბი რუმინეთი – საქართველო 6:8 გურამ გოგიჩაშვილის სადებიუტო ლელო ნაკრებში

65–ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მატჩის საუკეთესო მომენტი შექმნა. შესანიშნავი კომბინაცია ბექა გორგაძემ ლელოდ აქცია. აბჟანდაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა – 15:6. შეხვედრის დასრულებამდე გუნდებმა თითო, ზუსტად შესრულებული ჯარიმა, გაცვალეს. თამაში ანგარიშით 18:9 დასრულდა.

#რაგბი რუმინეთი – საქართველო 6:15 ბექა გორგაძის შესანიშნავი ლელო

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა ანთიმოზ ივერიელის თასი შეინარჩუნა.

2019 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ „ბორჯღალოსანთა“ ყველა მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გთავაზობთ.