საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახლად შექმნილ „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი ტურის შეხვედრაში „ექვსი ერის“ მოქმედ გამარჯვებულ ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ედი ჯონსის გუნდმა ჩემპიონის ტიტული რომში იტალიის დამარცხებით გაინაღდა და საქართველოსთან მატჩს შეცვლილი შემადგენლობითა და ტაქტიკით ხვდება. ცვლილებებია „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაშიც – გუნდმა ბოლო მატჩი ორი კვირის წინ, შოტლანდიის წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.
ისტორია
საქართველოსა და ინგლისის მორაგბეთა გუნდები ერთმანეთს აქამდე ორჯერ შეხვედრიან და ორივეჯერ მსოფლიო თასზე. „ბორჯღალოსნებს“ უმაღლეს სარაგბო ფორუმზე დებიუტი 2003 წლის 12 ოქტომბერს, პერთში, ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდათ. სწორედ ამ მატჩში დამარცხდნენ ქართველი მორაგბეები ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით – ინგლისმა გამოუცდელი მეტოქე ანგარიშით 84:6 დაჯაბნა და მომავალი ჩემპიონობისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
მეორედ გუნდები ერთმანეთს 2011 წელს, ამჯერად ახალ ზელანდიაში, კვლავ მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. 18 სექტემბერს, დანედინში, „ოტაგო სთედიუმზე“ გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ ნეიტრალურ გულშემატკივრებს შესანიშნავი სანახაობა შესთავაზეს და პირველი ტაიმის მიწურულს დანიშნული შერკინებიდან დიმიტრი ბასილაიას მიერ დადებული ლელოს შემდეგ გუნდებს შორის სხვაობა მხოლოდ შვიდი ქულა იყო – 17:10. ინგლისმა მატჩში გარდატეხა მხოლოდ საათის თავზე შეიტანა – 62-ე წუთზე ტუილაგის მიერ დადებულმა ლელომ შეხვედრის ბედი გადაწყვიტა და საბოლოოდ ინგლისმა კომფორტული სხვაობით მოიგო.
ინგლისი და საქართველო მესამედ ერთმანეთს ლონდონში, „ტვიკენჰემ სთედიუმზე“, შემოდგომის ერთა თასის პირველ მატჩში შეხვდებიან.
დებიუტანტები
ორივე გუნდის ძირითად შემადგენლობაში თითო დებიუტანტია – ედი ჯონსმა გუნდში ახალგაზრდა მესამეხაზელ ჯეკ უილისს უხმო, რომელიც გასულ სეზონში „პრემიერშიპის“ საუკეთესო მორაგბის ტიტული დაიმსახურა და თავი 44 „თერნოვერით“ (მეტოქისთვის ბურთის ართმევით) გამოიჩინა.
„ბორჯღალოსნების“ კვართს პირველად მოირგებს 22 წლის სანდრო სვანიძე. „არმაზის“ გარემარბი ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში არაერთხელ იყო, მაგრამ მისი დებიუტი ტრავმებმა გადადო. სვანიძე სანაკრებო ჯგუფთან ერთად მაისიდან ემზადება და კარგ ფორმაშია. ქართველ გულშემატკივარს ის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობიდან ახსოვს.
დებიუტის შანსი ინგლისის ნაკრებში მაქს მელინზსაც აქვს, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იმყოფება.
შემადგენლობები
ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ედი ჯონსმა გუშინ გამოაცხადა. საინტერესოა ის, რომ ვილ სტუარტი და ოლი ლოვრენსი ძირითად შემადგენლობაში პირველად იწყებენ, ხოლო მარო იტოჯე კი მხტომელის ნაცვლად მესამე ხაზელის პოზიციაზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრებში ტრავმიდან დაბრუნდა ბურჯი ნიკოლოზ გიგაშვილი. ნაკრებში მესამედ ითამაშებს მხტომელი ლაშა ჯაიანი, რომელიც გუნდს შოტლანდიასთან თამაშს შემდეგ დაემატა. ლევან მაისაშვილმა წაგებული მატჩის შემდეგ შემადგენლობაში რვა მორაგბე შეცვალა.
ტაქტიკა
ინგლისელთა ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელის, ედი ჯონსის ტაქტიკაში „უცნაური“ ისაა, რომ მას მოედანზე სამ-სამი მხტომელი და შუამარბი ეყოლება. როგორც სპეციალისტმა თავად ახსნა – ქართველები ღონიერი მორაგბეებით გამოირჩევიან და სწორედ ამიტომ, თავადაც ფიზიკურად ძლიერი მორაგბეებით თამაშს აპირებს. აგრეთვე, მან აქცენტი მაღალ მორაგბეებზე გააკეთა, რათა აუტში უპირატესობა როგორც საკუთარ, ისე მეტოქის ბურთზე ჰქონდეს.
ლევან მაისაშვილმა მატჩის წინ განაცხადა, რომ მეტოქის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები საქართველოს ნაკრების წინ მდგარ ამოცანას არ ცვლის – გუნდის მიზანია ითამაშოს უკეთ, ვიდრე შოტლანდიასთან, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში და ანახოს პროგრესი იმ სათამაშო კომპონენტებში, რომლებშიც წინა მატჩში ხარვეზები გამოიკვეთა.
მოლოდინი
თქმაც არ უნდა, რომ ფავორიტი ინგლისის ნაკრებია, რომლისგანაც ყველა დიდი ანგარიშით გამარჯვებას ელის. საქართველოს ნაკრებში, რომელიც „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ გამარჯვებულია, თაობათა ცვლა მიდის და ინგლისელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მათ გუნდს მარტივი გასეირნება ელის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, რამდენად პროდუქტიული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის ის შეზღუდული პერიოდი, რომელშიც გუნდმა სრული შემადგენლობით მოახერხა კონტაქტური ვარჯიშების ჩატარება. დიდი ალბათობით, ლევან მაისაშვილი ამ მატჩში სხვადასხვა კომბინაციებს გამოცდის და მას, შედეგის მიუხედავად, მომდევნო თამაშებისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
საქართველოსა და ინგლისის დაპირისპირება თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.