საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ედინბურგში შოტლანდიასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიო თასის დაწყებამდე ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და 6:33 დამარცხდა.
შოტლანდია – საქართველო 33:6
ლელო: ვან დერ მერვე (2), დარჯი, დემპსი, სტეინი.
გარდასახვა: რასელი (2), ჰილი (2).
ჯარიმა: მატკავა (2)
ეს მატჩი „ბორჯღალოსნებისთვის“ გენერალური რეპეტიცია იყო მსოფლიო თასის დაწყებამდე, რომელიც საფრანგეთში 8 სექტემბერს აიღებს სტარტს.
გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს. „ბორჯღალოსნები“ შოტლანდიელთა პირველ შემოტევას კარგად გაუმკლავდნენ და თანდათან უპირატესობაც მოიპოვეს, რაც მე-11 წუთზე ანგარიშშიც აისახა – ქართველმა მორაგბეებმა ჯარიმის უფლება მოიპოვეს და ლუკა მატკავამ დარტყმა ზუსტად შეასრულა.
შეხვედრა ქართველი მორაგბეების უპირატესობით გაგრძელდა. მე-20 წუთზე „ბორჯღალოსნები“ ძალიან ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ მასპინძლებმა მოახერხეს თავის დაცვა, იმ ეპიზოდში არბიტრმა ჯარიმის უპირატესობა დაგვიბრუნა და მატკავამ კიდევ ერთი ზუსტი დარტყმით საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაზარდა – 6:0
ტაიმის ბოლოს შოტლანდიელები გააქტიურდნენ, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა მოიგერიეს მასპინძლეთა შეტევები და საბოლოოდ ტაიმიც „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმი შოტლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს, ერთგვარი შტურმი მოაწყვეს ჩვენს ნახევარზე და ტაიმის საწყის ხუთ წუთში ორი ლელოს დადება მოახერხეს, ორივე ზუსტად გარდასახეს და 14:6 დაწინაურდნენ.
შოტლანდიელები აქტიურად თამაშს განაგრძობდნენ, მე-60 წუთზე კიდევ ერთი გარდასახული ლელო მიითვალეს და უპირატესობა გაზარდეს.
საბოლოოდ, მასპინძლებმა მეორე ტაიმში ხუთი ლელოს დადება მოახერხეს და შეხვედრაც მათი გამარჯვებით დასრულდა – 33:6.
ამრიგად მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ორი მოგებითა (რუმინეთთან 56:6, აშშ-სთან 22:7) და ერთი მარცხით დაასრულა. ახლა კი ლევან მაისაშვილის გუნდი საფრანგეთში გაემგზავრება და იქ განაგრძობს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის, რომელსაც საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთში გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქეები С ჯგუფში უელსი, ავსტრალია, ფიჯი და პორტუგალია იქნებიან.
საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი მსოფლიო თასზე:
9 სექტემბერი | ავსტრალია – საქართველო
23 სექტემმბერი | საქართველო – პორტუგალია
30 სექტემბერი | ფიჯი – საქართველო
7 ოქტომბერი | უელსი – საქართველო