საქართველოს მორაგბეთა 20-წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ტურნე გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა 20 წლამდელთა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული ტურნე გამარჯვებით დაასრულა. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი ნამბია XV-ს დაუპირისპირდა, რომელიც ეროვნული ნაკრების უახლოეს რეზერვს წარმოადგენს. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 24:20 დაამარცხეს.
მატჩის პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ორი ლელო გაიტანა, რომელიც დავით გობეჯიშვილისა და ზურაბ ქავთარაძის ანგარიშზეა. გობეჯიშვილმა ასევე ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა. მატჩის პირველი ნახევარი უმცროსი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, ანგარიშით 17:3 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმი უფრო დაძაბული გამოდგა. ნამიბიის ნაკრებმა სამი ლელოს, საქართველოს 20 წლამდელთა გუნდმა კი ორი ლელოს გატანა შეძლო. თავი კოტე მარჯანიშვილმა და დავით გობეჯიშვილმა გამოიჩინეს.
შეგახსენებთ, რომ სამხრეთაფრიკული ტურნე საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც 4-22 ივნისს არგენტინაში გაიმართება. ტურნირამდე ეს ერთ-ერთი მოსამზადებელი ეტაპი იყო. აღნიშნულ საერთაშორისო სერიაში საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკისა და არგენტინის 20 წლამდელთა გუნდებსაც შეხვდა და ორივე მატჩი დათმო (სამხრეთ აფრიკასთან, ანგარიშით 58:10 და არგენტინასთან, ანგარიშით 32:26).