საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამუშაოდ წასვლას დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდეს, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს თურქეთიდან, შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან გაცემული სამთვიანი ოფიციალური ცნობა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს დაბრუნებისას საკარანტინო რეჟიმის გავლა მოუწევთ.

„დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვიმსჯელეთ იმ მოქალაქეებზე, რომელთა სურვილია, თურქეთში სამუშაოდ გადავიდნენ. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეები და უპირველესად, რა თქმა უნდა, აჭარის მცხოვრებლები თურქეთის რესპუბლიკიდან, დამსაქმებლისგან გაცემული სამთვიანი ოფიციალური მოწვევის საფუძველზე შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წავსლას. თუმცა ისინი დაბრუნებისას ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა მოძრაობა, მათ შორის საზღვარზე, მათ შორის სამუშაო მიზნებით, ხდებოდეს კონკრეტული საფუძვლებისა და გარემოებების გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, ყველა მოქალაქე, რომლის სურვილია, თურქეთში გადავიდეს სამუშაოდ, ვალდებული იქნება, წარმოადგინოს ოფიციალური ცნობა, სამთვიანი, რომელიც გაიცემა თურქეთიდან შესაბამისი დამსაქმებლის მხრიდან“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.