საქართველოს მასტერლიგის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია - გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს მასტერლიგის ნაკრები წარმატებით გამოდის International Socca Federation-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის ჩემპიონატზე – გუნდი მეოთხედფინალში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, 4:1 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.
კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მასტერლიგის ნაკრებმა ჯგუფში ირლანდიის (2:1) და კვიპროსის (3:2) ნაკრებები დაამარცხა და მეოთხედფინალში ამის შემდეგ გავიდა.
ალბანელებთან მატჩი ჩვენმა გუნდმა კარგად დაიწყო – მე-6 წუთზე ანგარიში ლაშა ღონღაძემ გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა, ტაიმის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა გაზარდა – 22-ე წუთზე ალბანელთა კარში გოლი გიორგი კიკნაძემ გაიტანა. 26-ე წუთზე ხულიო რეჩიმ სხვაობა შეამცირა, მაგრამ 32-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა ლუკა ბლიაძემ გოლით დააგვირგვინა და საქართველოს ნაკრები ისევ ორი ბურთით დაწინაურდა.
საბოლოო ანგარიში მე-40 წუთზე ლევან ჩიხრაძემ დააფიქსირა – 4:1 და გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებს. ამავე დროს, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა.
ფინალში გასასვლელად ხვალ, 2 აპრილს საქართველოს ნაკრები რუმინეთს დაუპირისპირდება. მატჩის ზუსტი დრო მოგვიანებით დაზუსტდება.