საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია
საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიეტუვის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გიტანას ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ლიეტუვის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი მკაფიო გზავნილი პარტნიორის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ევროპელი და ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან მიმართებაში.

„ვიზიტის დრო უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონში არსებული ახალი გეოპოლიტიკური ფონი საჭიროებს მუდმივ კოორდინაციას და კომუნიკაციას ჩვენს პარტნიორებთან. ვიზიტის ფარგლებში განხილვის ძირითადი თემები იქნება ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობები უარღესად მზარდი დინამიზმით გამოირჩევა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაფართოება, მეტი ტურისტის ხილვა საქართველოში პოსტპანდემიურ პერიოდში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის მხარდაჭერა, სოლიდარობა, რომელიც ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან გვქონდა პანდემიის პერიოდში და რა თქმა უნდა, განვიხილავთ მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს უახლოესი ნატო-ს სამიტის კონტექსტში, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის კონტექსტში და დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.