საქართველოს კონსული ისრაელში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალყური ადევნონ სამართალდამცველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები
საქართველოს კონსული ისრაელში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, თვალყური ადევნონ სამართალდამცველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები

საქართველოს მოქალაქეებმა, განსაკუთრებით, რომლებიც არიან ქალაქ აშდოთში, აშქეონში, ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიებზე, მიაქციონ ყურადღება მოვლენათა განვითარებას, თვალყური ადევნონ სამართალდამცველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს კონსულმა, ალეკო ჯიშკარიანმა განაცხადა.

მისი შეფასებით, 2014 წლის შემდეგ ისრაელში მსგავს ესკალაციას და დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. საქართველოს კონსულის თქმით, ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია.

ალეკო ჯიშკარიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქართველებს საელჩოს ცხელ ხაზზე დახმარებისთვის არ მიუმართავთ.

„იყო მხოლოდ რამდენიმე ზარი, რაც ეხებოდა ძირითადად კონსულტაციის გაწევას სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ“, – განაცხადა ალეკო ჯიშკარიანმა.

ალეკო ჯიშკარიანი ასევე აღნიშნავს, რომ ღაზის სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე, 40 კილომეტრის რადიუსში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო რეჟიმი შემოიღო, თუმცა ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

„რაც შეეხება ისრაელს დანარჩენ ტერიტორიებს, ცხოვრება ჩვეულებრივი რეჟიმით გრძელდება. ყველა საერთაშორისო აეროპორტი შეუფერხებლად ფუნქციონირებს, სატრანსპორტო გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემები არ არის. მონიტორინგს ვუწევთ ვითარებას, ვართ კომუნიკაციაში ჩვენს მოქალაქეებთან“, – აღნიშნა ალეკო ჯიშკარიანმა.

ისრაელში საქართველოს საელჩო საკუთარ ვებგვერდსა და ასევე სოციალურ მედიაში განცხადებას ავრცელებს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს. ასევე საელჩოში ამოქმედებულია ცხელი ხაზი +97236093206, +972526919092.

ისრაელში საქართველოს საელჩოს ვებგვერდზე ასევე მითითებულია მოქმედების ინსტრუქცია ისრაელში განგაშის სიგნალის/სირენის ამოქმედების შემთხვევაში.