საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი უკრაინასთან გამართა და 76:95 დამარცხდა.
ამ მატჩის მნიშვნელობაზე ბევრი დაიწერა, ერთსაც დავამატებთ – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპიდან მეორეში ჯგუფის ოთხიდან სამი ნაკრები გადადის (ესპანეთი, უკრაინა და საქართველო), შემდეგ შეიქმნება ექვსგუნდიანი ჯგუფები, საიდანაც სამი საუკეთესო გავა. გუნდებს პირველიდან მეორე ეტაპზე ქულები გადაჰყვებათ. სწორედ ამიტომ აქვს თითოეულ მოგებას ოქროს ფასი.
ამ გამარჯვებით უკრაინამ დიდი ნაბიჯი გადადგა მსოფლიო ჩემპიონატისკენ, საქართველოს ნაკრებს კი დარჩენილ შვიდ მატჩში ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება სჭირდება, რომ მიზანს მიაღწიოს.

როგორ დაამარცხა უკრაინამ საქართველო? – მეტოქე მართლაც კარგად მომზადებული აღმოჩნდა საქართველოსთან მატჩისთვის, დაცვაშიც კარგად იდგა: სამწამიანში ქართველებს ჯარიმების გარეშე არ უშვებდნენ. საქართველო კი პერიმეტრიდან არცთუ ხშირად უტევდა და ვერც მაღალი სიზუსტით გამოირჩეოდა.
უკრაინა მომზადებული იყო სხვა კუთხითაც – ვინაიდან მათ მწვრთნელს აინარს ბაგაცკისს კარგად მოეხსენებოდა, რომ საქართველოს თამაში მარკის რიდზე იყო აგებული, შეგირდებს უთუოდ მოუწოდებდა, როგორმე პროვოკაციაზე წამოეგოთ ამერიკელი. მეორე მეოთხედის დასაწყისში მიზანსაც მიაღწიეს – კობზიცმა არასპორტული მოქმედებებით იმდენი ქნა, თავადაც გავარდა და მარკის რიდიც გაიყოლა. მის გარეშე დარჩენილ საქართველოს ნაკრებმა თამაშის სათავისოდ დასრულება ვერ მოახერხა და ჯგუფში მესამე მარცხი განიცადა.
მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველომ კიდევ ერთი დანაკლისი მიიღო – მსაჯებმა გოგა ბითაძეს დისკვალიფიკაცია მისცეს და მოედნის ნაადრევად დატოვება მასაც მოუწია.
11 წუთში მარკის რიდს 18 ქულა ჰქონდა; შენგელიას – 13 ქულა, ბითაძეს 8 ქულა და 10 მოხსნა; ანდრონიკაშვილს 8 ქულა; ბურჯანაძესა და სანაძეს – 7-7.
საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 5 ივლისს თბილისში, ესპანეთთან გამართავს. შეხვედრა 19:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.