საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში დანიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში დანიაში დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე პირველი მატჩი დანიაში, ქალაქ ნესტვედში, სამიათასკაციან არენაზე გამართა და 69:75 დამარცხდა.

 

თუ საქართველოს უძლიერეს ევროპულ ლიგებში გამოცდილი ხუთი კალათბურთელი ჰყავს (შენგელია, შერმადინი, ბურჯანაძე, ტომასონი, ცინცაძე), დანიელების მთავარი იმედი თორნიკე შენგელიას ბოლონიელი თანაგუნდელი იფე ლუნდბერგია, რომელზეც გუნდში ძალიან ბევრია დამოკიდებული.

ეს რომ კარგად იცოდა, საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ჯიკიჩმა პირველივე წუთებიდან იზრუნა ლუნდბერგის განეიტრალებაზე: მას ნაკრების 20 წლის დებიუტანტი, გიორგი ოჩხიკიძე მიუჩინა – წამით არ ამოასუნთქოო, ასეთი იქნებოდა მწვრთნელის დავალება. გიორგი შეცვალა გაფრინდაშვილმა, ის კი კაკუშაძემ შეცვალა, შემდეგ ლუნდბერგის შესაჩერებლად რევაზ როგავა გამოვიდა. მწვრთნელის ასეთმა ჩანაფიქრმა თავიდან გაამართლა, პირველ ტაიმში იფეს 6 ქულა ჰქონდა, საქართველოს ნაკრებმა კი 37:28 მოიგო.

ჯიკიჩი მხოლოდ დანიელი ლიდერის მეურვეებს როდი ცვლიდა ხშირად, როტაციას ძალიან სწრაფად მიმართავდა. ასეთი ხშირი როტაციისთვის აქამდე საქართველოს არც ერთ მწვრთნელს არ მიუმართავს.

რაც შეეხება ახალ ნატურალიზებულ ჯო ტომასონს, წინამორბედებისგან, დიქსონისა და მაკფადენისგან განსხვავებული სტილის კალათბურთელია. ნესტვედში პერიმეტრიდან ტყორცნებით ვერ გამოირჩა, თუმცა გუნდის თამაშს ტემპი შემატა და მესამე პერიოდის ბოლოს გამოჩნდა, რომ გადამწყვეტ მომენტში მნიშვნელოვანი ქულების ჩაგდებაც შეუძლია.

თუ პირველ ნახევარში ლუნდბერგი ძალიან წვალობდა, მეორეში ბოლომდე გაიხსნა და სწორედ მისი წინამძღოლობით დანიამ ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში 13-ქულიანი უპირატესობითაც იგებდა, საბოლოოდ მაინც 69:75 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს თბილისში სერბეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 26 თებერვალს 21 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.