საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

სამინისტროს სისტემაში რეფორმების, სამართალშემოქმედებითი საქმიანობის, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში აკადემიური წრეებისა და სამეცნიერო საზოგადოების ჩართვის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო ახალ პლატფორმას აფუძნებს. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გადაწყვეტილებით, უწყებასთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა, რომელიც სამართლის სხვადასხვა დარგის გამოჩენილი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო იუსტიციის მინისტრისთვის წარსადგენად კანონპროექტებს, კონცეფციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს შეიმუშავებს; იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სხვადასხვა სფეროში კი, სწორედ ამ სამეცნიერო და საექსპერტო წინადადებების გათვალისწინება მოხდება.

„სამეცნიერო დასკვნებსა და ანალიტიკაზე დაფუძნებული სამართალშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობა იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, გასულ წელს დაფუძნდა ორენოვანი სამართლებრივი ჟურნალი „იუსტიცია“, რომელიც ყოველკვარტალური, რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემაა. ჟურნალის მე-2 ნომრის პრეზენტაცია სიმბოლურად სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე გაიმართა“, – აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

საბჭოს შემადგენლობაში არიან იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ხელმძღვანელები და პროფესორები.