საქართველოს ფუტსალის ნაკრები 2020 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირისთვის ემზადება. 23 ოქტომბრიდან შეკრებაზეა და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშებს.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ლატვიაში 27 ოქტომბერს გაემგზავრება, სადაც ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები 29 ოქტომბერს მოლდოვას იელგავაში შეხვდება, ხოლო 30 ოქტომბერს ასევე იელგავაში – მასპინძელ ლატვიას.
რიგასა და იელგავაში 28-30 ოქტომბერს ლატვიასა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებებს დაუპირისპირდება.
გამგზავრებამდე, საქართველოს ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. გუნდში 15 მოთამაშე ვარჯიშობს. მათ შორის ერთი დებიუტანტია – გიორგი ქურდაძე, რომელიც კლასიკურ ფეხბურთს თამაშობდა, ახლა კი ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება პირველად მიეცემა.
„მესამე დღეა შეკრებაზე ვართ და ყველაფერი კარგად მიდის, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ სრული შემადგენლობით შეკრების საშუალება არ მოგვეცა. ჩვენს ლეგიონერებს კლუბებში თამაშები აქვთ და ჩამოსვლას ვერ ახერხებენ, ოთხი მოთამაშე კი რიგაში შემოგვიერთდება. თუმცა ამ რეჟიმში მუშაობას უკვე მივეჩვიეთ. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს, ორივე საკმაოდ ძლიერია და ვფიქრობ, რომ ორივე ამხანაგური შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ორო სხვადასხვა სტილის გუნდს დავუპირისპირდებით, მათ წინააღმდეგ მომზადებას კი თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ნამდვილად დიდ გამოცდილებას შეგვძენს” – ამბობს საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.
მურთაზ კაკაბაძე, საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი: „მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ვაგრძელებთ და ნაკრები, როგორც ყოველთვის, სრულ მზადყოფნაშია. ტურნირზე ჩვენი მეტოქეები ლატვია და მოლდოვა საკმაოდ ძლიერი ნაკრებებია და ეს მათმა განვლილმა თამაშებმაც დაამტკიცა. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ორივე შეხვედრა მოვიგოთ და ტურნირის გამარჯვებული გავხდეთ“.