„საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრი გიორგი ჭელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს
“საქართველოს ეროვნული ერთობის” წევრი გიორგი ჭელიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამის შესახებ განცხადება დაკავებულის ადვოკატმა, გაიოზ ჩარკვიანმა გააკეთა.
როგორც ჩარკვიანი აცხადებს, ჭელიძის სახლიდან ამოღებული იარაღები მასზე კანონიერად იყო გაფორმებული.
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაფერს ადასტურებს. თავს დამნაშავედ არ ცნობს. ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლიდან იარაღები, მაგრამ ეს იარაღები პოლიციის თანამშრომლებმაც კარგად იციან, რომ ეს არის ოფიციალურად დარეგისტრირებული იარაღები. ამასობაში მიმდინარეობს ბალისტიკური ექსპერტიზა და ველოდებით პასუხებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელად და მხნედ არის”, – განაცხადა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.
შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, გიორგი ჭელიძე დღეს დააკავეს.