საქართველოს ეკონომიკა იანვარში 3,5 პროცენტით გაიზარდა
საქართველოს ეკონომიკა იანვარში 3,5 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა.

2019 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში, საფინანსო საქმიანობაში, ასევე უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. ამასთანავე, კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგებში.

ოფიციალური სტატისტიკით, საქონლის ექსპორტი 2019 წლის იანვარში 7,2 პროცენტით გაიზარდა და 238 მილიონ დოლარს მიაღწია. იმპორტი კი 1,1 პროცენტით 588 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,5 პროცენტის დონეზე განისაზღვრა.