საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ბაკურიანში საერთო ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილ შეკრებას გაივლის.
გუნდის ოთხი ლიდერი – ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი უშანგი მარგიანი და ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი დღეიდან 16 იანვრის ჩათვლით ავსტრიაში ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ავსტრიაში ბექა ღვინიაშვილი და გურამ თუშიშვილიც უნდა წასულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მწვრთნელებმა ისინი ბაკურიანში წაიყვანეს.
მიტერსილში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებიც გაფრინდნენ. მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, მარიამ ჭანტურია და სოფიო სომხიშვილი 16 იანვრამდე ერთობლივ კემპზე მიიღებენ მონაწილეობას.
ბაკურიანის შეკრება ორ კვირას გასტანს. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის წევრები თებერვლიდან ტურნირებში ჩაებმებიან.