საქართველოს ძალოსანთა ნაკრები დუშეთიდან გააცილეს - ლაშა ტალახაძე შეკრებით კმაყოფილია
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ბოლოსწინა ეტაპი დაასრულა. გუნდი დუშეთში სამი თვე ვარჯიშობდა და მწვრთნელები და სპორტსმენები კმაყოფილები არიან.
14 მარტიდან ძალოსნები ბათუმში გაემგზავრებიან, სადაც 6 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ქართველი ძალოსნები მზადებას დასკვნით ეტაპს სწორედ ბათუმში ჩაატარებენ.
დუშელებმა დღეს საქართველოს ნაკრების წევრები გააცილეს და წარმატებული გამოსვლა უსურვეს. სპორტსმენებმა დუშეთის ცენტრში საგანგებოდ მისთვის დამზადებულ ბანერზე ავტოგრაფები დატოვეს, ბოლოს კი, ჯგუფური სურათი გადაიღეს.
„დღეს იწყება ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული აქციები, რომელიც რამდენიმე ქალაქს მოიცავს და ბათუმში დასრულდება. მადლობა დუშელებს, რომლებიც ჩვენი პირველი აქციის ორგანიზატორები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ ბათუმში 42 ქვეყნის სპორტსმენებს ველოდებით, ევროპის ჩემპიონატი კი 60-მილიანიანი აუდიტორიისთვის გაშუქდება. ბათუმში უკვე გვესტუმრა პირველი სპორტსმენი უკრაინიდან, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონია,“ – ამბობს საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი.
მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება დიდ პასუხისმგებლობაა.
„დუშეთის შეკრებამ ძალიან კარგად ჩაიარა და მიმაჩნია, რომ კარგ ფორმაში ვართ. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება დიდ პასუხისმგებლობაა. შევეცდებით, რომ ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში ვიყოთ და ჩვენი გულშემატკივარი გავახაროთ,“ – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.