საქართველოს დელეგაცია ნათია თურნავას ხელმძღვანელობით შანხაის იმპორტის ექსპოს მეორე გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს დელეგაცია ნათია თურნავას ხელმძღვანელობით შანხაის იმპორტის ექსპოს მეორე გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას

ჩინეთის ქალაქ შანხაიში დღეს ჩინეთის მეორე საერთაშორისო იმპორტის ექსპო გაიხსნება. საქართველოს დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციაში ასევე შედიან სს „საქართველოს საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, აგრეთვე 30-ზე მეტი ქართული კომპანია, რომელთა წარმოებული პროდუქცია საქართველოს ეროვნულ პავილიონზე განთავსდება.

შანხაის იმპორტის ექსპოში 150 ქვეყნისა და რეგიონის 3000 მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. გამოფენა ჩინეთის ეროვნულ საგამოფენო და საკონვენციო ცენტრში გაიმართება. გამოფენის პარალელურად ბიზნესფორუმი ჩატარდება, რომლის დროსაც ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი ქვეყნების საინვესტიციო შესაძლებლობებზე, განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრონ.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს გამოფენის პარალელურად მიმდინარე ბიზნეს ფორუმში, ასევე სიტყვით გამოვა პანელზე, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობასა და ლოგისტიკას შეეხება. გარდა ამისა, ნათია თურნავა საქართველოს ეროვნულ საგამოფენო პავილიონს დაათვალიერებს, აგრეთვე გამართავს შეხვედრებს ჩინეთის სამთავრობო და რეგიონალურ ლიდერებთან, აგრეთვე ბიზნესწრეების ხელმძღვანელ პირებთან.