საქართველოს დელეგაცია კორეის იმპორტიორთა ასოციაციას შეხვდა
საქართველოს დელეგაცია კორეის იმპორტიორთა ასოციაციას შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„KOIMA ქვეყნის იმპორტიორთა უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათას კომპანიას აერთიანებს. ვისაუბრეთ კორეულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივებზე და განვიხილეთ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის მიერ 2020 წელს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხები. ძალიან სასიხარულოა, რომ დადებითად შეფასდა 2019 წელს KOIMA-ს ყოველწლიურ გამოფენა IGF-ში ქართული კომპანიების მონაწილეობა, აგრეთვე ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორეული პოტენციური იმპორტიორი კომპანიების ვიზიტი თბილისში გამართულ ერთობლივ ბიზნესფორუმზე“, – აღნიშნა გენადი არველაძემ.

საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.